„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებთან კითხვები არ აქვს.

მისი თქმით, მოწმეებს კონკრეტული განცხადებების გაკეთება და პროკურატურისთვის მიმართვა დაავალეს.

„დღევანდელ პროცესზე გამოძახებულ მოწმეებთან არანაირი კითხვა არ მაქვს. მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ და პროკურატურაში განცხადება შეეტანათ და მათ ეს გააკეთეს. დანარჩენი მათზე იყოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, ე.წ. საბოტაჟის საქმე უპრეცედენტოა და მსგავსი სასამართლო პროცესი მსოფლიოს პრაქტიკაში არ არსებობს.

„მე ამ საქმეს „ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს“ დავარქმევდი, სადაც რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რაღაც ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, თუმცა ვერ იხსენებს, რა ჟესტიკულაცია იყო, როდის მოხდა და რა დღე იყო. ასეთი ტიპის მოწმეები არიან“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პოლიციელებისგან მსგავსი ჩვენებების მიღება მიუღებელია.

„ვწუხვარ, რომ ასეთ დონეზე შეიძლება დასცე პოლიციელი და ასეთი სამარცხვინო ცრუ ჩვენებები ათქმევინო, რომელიც თავისთავად ვერ იქნება სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, კიდეც რომ სიმართლე იყოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საუბარია საბოტაჟზე, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე და სხვა დანაშაულებზე.

ბრალდებული პოლიტიკოსები წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.