თბილისის საქალაქო სასამართლომ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 16 ივნისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გოგა ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა თავად გოგა ხაინდრავა, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი.