„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ეს გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს.

შარმანაშვილის თქმით, კალასის განცხადება, მისი ინტერპრეტაციით, ნიშნავს, რომ გარკვეული ძალები საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევის ახალ გზებს ეძებენ.

„კაია კალასის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ არანაირ პატივისცემას არ ნიშნავს. როგორ შეიძლება სერიოზულად ამტკიცო, რომ ოპოზიციამ იმდენი ხმა მიიღო, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების ფორმირება შეუძლიათ? ამდენი ხმა არც ახლა და არც აქამდე მიუღიათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ პოლიტიკური შეცდომები დაუშვა, რის გამოც საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგა.

„რადიკალურ ოპოზიციას დასავლეთში მყოფმა პატრონებმა დანაშაულებრივი შეცდომები დააშვებინეს. მათ ნაწილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორეს და ახლა უკვირთ, რატომ არ აქვთ რეიტინგი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შარმანაშვილმა ასევე ისაუბრა ეუთო/ოდირის მომავალ არჩევნებზე მოწვევის საკითხზე და განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან შემდგომი ურთიერთობა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

„ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. 2028 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ურთიერთობა გვექნება და იმედი გვაქვს, ისინი რეალისტურ ნაბიჯებს გადმოდგამენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე გავლენები განხორციელდა.

„ეუთო-ს დასკვნაში საქართველოს თაობაზე გაცილებით ნაკლები სიმძაფრე იყო, ვიდრე ახლა მიღებულ დოკუმენტში. ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არჩევნები შემდგარი იყო. ახლა კი ორი წლის შემდეგ ცდილობენ ამ დოკუმენტის სხვაგვარად წარმოჩენას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.