გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილის დაღუპვის საქმეზე დაკავებული მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 13 ივლისს, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა.

მომხდარის შედეგად დაშავებული დედა და ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დაკავებულია.