რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აზერბაიჯანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია, თუმცა ეს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს.
პესკოვის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს და რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას იზიარებენ.
„რაც შეეხება ალიევის მიერ გამოთქმულ პოზიციას, არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და, დიახ, ეს უთანხმოების საგანია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით პრაგმატულ მიდგომას ირჩევს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მიზეზი, რომ ამ საკითხმა ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას და უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ყველა შესაძლო არხით განმარტავს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია და ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას.
„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მტკიცეა“, – განაცხადა ალიევმა.