საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს შესახებ რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი „სიცრუესა და ცილისწამებაზეა აგებული“.

მისი თქმით, რეზოლუცია პოლიტიკური დაკვეთით არის მიღებული და, მისი შეფასებით, ეუთოც ჩაერთო კოორდინირებულ პროცესში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის განხილვასაც კი აზრი არ აქვს.

„აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა. ამ რეზოლუციის განხილვასაც კი არ აქვს აზრი, რადგან მთლიანად სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული“, – აღნიშნა მან.

კობახიძის განცხადებით, დოკუმენტი ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და, მისი შეფასებით, ევროპულ ბიუროკრატიაში „სიცრუის ახალი სტანდარტი“ დამკვიდრდა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. რეზოლუციაში ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირები და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც, მათი შეფასებით, ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს.