საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში მომხდარ სტიქიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, წყალდიდობა კორუფციისა და სამშენებლო ნორმების დარღვევის შედეგია.
სააკაშვილი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და წერს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირები მისი „მისაბაძად“ ჩავიდნენ თელავში.
„ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ თუ მართლა სურთ მიბაძვა, მთავარში უნდა მომბაძონ – არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ. მაგრამ მაშინ ხომ „ქოცები“ აღარ იქნებიან“, – წერს სააკაშვილი.
მისი მტკიცებით, მოიპარეს თანხები, რომლებიც დამბების გაწმენდას უნდა მოხმარებოდა, ხოლო სამშენებლო ნებართვები იმ ადგილებში გაიცა, სადაც მშენებლობა არ უნდა დაშვებულიყო.
ამასთან, სააკაშვილი ოპოზიციასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა, მისი შეფასებით, ოპოზიციამ დროული რეაგირება ვერ მოახდინა.
„რატომ არ ატეხეს მანამდე ერთი ამბავი? რატომ დაელოდნენ, რომ უბედურება მომხდარიყო და შემდეგ სატელევიზიო კომენტატორებად ქცეულიყვნენ?“ – წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, კორუფცია, არაკომპეტენტურობა და სამშენებლო ნორმების დარღვევა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.