აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი მოლაპარაკებების პროცესს არ დაუბრუნდება, შეერთებული შტატები მომავალ კვირას ქვეყნის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტურაზე იერიშებს მიიტანს.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება და, მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე სამიზნე ელექტროსადგურები და ხიდები იქნება.
„ხვალ საღამოს მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამესაც ძალიან ძლიერ დარტყმას ვაპირებთ. მომავალ კვირას კი მათთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ელექტროსადგურებისა და ხიდების ჯერიც დადგება. ყველა მათ ელექტროსადგურსა და ხიდს გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, ირანზე სამხედრო დარტყმები, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩაშლის შემდეგ უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ის თავად არ გადაწყვეტს, რომ ოპერაცია დასრულდეს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი მისი სასურველი არჩევანი არ არის.
„ამის გაკეთება არ მინდა. ზოგჯერ სახმელეთო ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვები, რომლებიც ამ ოპერაციას ჩვენს ნაცვლად ჩაატარებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზე საუბრობდა, როდესაც შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში მონაწილე პარტნიორები ახსენა.