აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მორიგი ეტაპი დაასრულეს. იერიშები ჰორმუზის სრუტესა და ირანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მდებარე ათობით სამხედრო ობიექტზე განხორციელდა.
CENTCOM-ის ინფორმაციით, შვიდსაათიანი ოპერაციის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ინფრასტრუქტურას, საზღვაო შესაძლებლობებსა და სანაპირო თავდაცვის სისტემებს ზუსტი საბრძოლო მასალით შეუტიეს.
„შვიდსაათიანი ტალღის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, დრონებმა და საზღვაო გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ობიექტების, საზღვაო შესაძლებლობებისა და სანაპირო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს“, – ნათქვამია CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
სარდლობის ცნობით, ოპერაცია იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც აშშ-მა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა განაახლა.
„დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის ძალებმა განაახლეს საზღვაო ბლოკადა იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს უკვე ზედიზედ მეოთხე ღამეა ახორციელებს.