აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა 2024 წლის დეკემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
„ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში, მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობის“ დროს დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ის ირანის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოდ იმყოფება და კარგ მდგომარეობაშია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანის ამ ნაბიჯს კეთილი ნების ჟესტად აფასებს.
ტრამპს გათავისუფლებული მოქალაქის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მისი ადვოკატის ცნობით, საუბარია 53 წლის ამერიკელ ქალზე, დენა კარარზე.
ადვოკატ ჯარედ გენსერის განცხადებით, დენა კარარი ირანში ჯაშუშობის „ყალბი ბრალდებით“ იყო დაკავებული.
NBC News-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ირანში აშშ-ის ხუთი მოქალაქე კვლავ პატიმრობაში რჩება.