„ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და „ნეიტრალური საქართველო“ – ეს არის ანტიქართული და ანტიეროვნული ძალების ერთი ბანდა“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, დასავლეთის მხრიდან სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩვენ ველოდებით ციხესაც, ველოდებით სხვა ტიპის გადაწყვეტილებებსაც, რადგან ივანიშვილმა ამ არასამართლიანი, უკანონო პოლიტიკური პროცესის დაწყებით ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი“, – განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება.

„მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ და ძალიან მძიმე პასუხი დაუბრუნდება დასავლური, განვითარებული დემოკრატიული სამყაროსგან. სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება, თუ დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, ხოლო პროკურატურა აცხადებს, რომ საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.