საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სერდარ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრაზე ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება მინისტრების დონეზე ორმხრივი შეხვედრები.