„ადვოკატი ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრების პერიოდში გვაქვს შეძენილი, შესაბამისად, ამაზე ვერ იდავებ  , ისედაც 50/50-ზეა“, – ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა.

მისივე თქმით, იოსებ სიგუა შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა.

სოფიო სიგუა-შატბერავას განცხადებით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნა ალოგიკურია.

„მან სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ახლა უკვე მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს, თუმცა ეს სრულიად ალოგიკურია. ელექტრონული სამაჯური სწორედ შემაკავებელი ორდერის საფუძველზეა გამოწერილი. საფრთხე ყოველთვის დიდი იყო, რადგან ის მუდმივად ჩემს გარშემო მოძრაობდა. სწორედ ამ მიზეზით გამოიწერა შემაკავებელი ორდერი“, – განაცხადა სიგუა-შატბერავამ.

მისივე თქმით, მას იოსებ სიგუასთან ქონებრივი დავა არ დაუწყია და ადვოკატის მხრიდან ქონების საკითხზე ყურადღების გამახვილება, მისი შეფასებით, საქმის არსის გადაფარვის მცდელობაა.

„მე არანაირი დავა არ დამიწყია, არანაირი საჩივარი არ არსებობს ჩემი მხრიდან. ეს არის მისი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. ადვოკატი ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი და ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი“, – აღნიშნა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

ცნობისთვის, სოფიო სიგუა-შატბერავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობითა და სხვა მუქარებით ემუქრებოდა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, ასევე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი და შეზღუდულია იარაღის ტარების უფლება.

იოსებ სიგუას ადვოკატის განცხადებით კი, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება და სოფიო სიგუას მიზანი, მისი თქმით, ქონების მაქსიმალური ოდენობის მიღებაა.