პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც გორში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით დედა-შვილს დაეჯახა, 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.

როგორც მგალობლიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ჯარიმები, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბების გამო იყო გამოწერილი.

რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ივლისს გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა.

დაშავებული დედა და ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.