„ნანა კაკაბაძე აქტიური მხარდამჭერი იყო 1991-1992 წლებში სახელმწიფო გადატრიალების, ლევან ნიკოლეიშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გენერალური შტაბის უფროსი იყო, ახლა კი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგედ გვევლინება“, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით მისცეს ჩვენება.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრებს არ მოსწონთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
„წინა სასამართლო სხდომაზე იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „ნეიტრალურ საქართველოს“ უწოდებს. ისინი ებრძვიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და შესაბამისად, არ მოსწონთ, რომ ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები მოწმეები ვერ იქნებიან, რადგან მათი შეფასებები, მისი განცხადებით, ეფუძნება ტელევიზიით ნანახ ინფორმაციასა და პოლიტიკურ შეხედულებებს.
„ისინი ამბობენ, რომ ტელევიზიით აკვირდებოდნენ ჩვენს ვიზიტებს აშშ-ში და ჩვენს შეხვედრებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასეთი იყო წინა სასამართლო სხდომა“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, „ასეთი ჯგუფისთვის მიუღებელია ყველა ძალა, რომელიც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის იბრძვის“.
შეგახსენებთ, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომებზე ჩვენება უკვე მისცეს „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა ნანა კაკაბაძემ, ვატო შაქარიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა. დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურის ოთხი მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი, მათ შორისაა „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი გელა ნიკოლაიშვილი.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ წარდგენილი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, ხოლო პროკურატურა აცხადებს, რომ საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.