საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას, მათ შორის „შუა დერეფნისა“ და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების პერსპექტივებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, თურქმენეთის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით დაგროვებული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რომელშიც ორივე ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენება და საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის გააქტიურება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას როგორც პირდაპირი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს საქართველო-თურქმენეთის ერთობლივ განცხადებას. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ფინანსების, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ორივე ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ.