უკრაინის დედაქალაქ კიევში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან წასვლას აპროტესტებენ და მის ახალ მთავრობაში დაბრუნებას მოითხოვენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან თავდაცვის მინისტრის პოსტზე იგორ კლიმენკოს შესაძლო დანიშვნას. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფედოროვი კვლავ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად დანიშნოს.
მომიტინგეებს ხელში უჭირავთ პლაკატები ფედოროვის მხარდასაჭერი წარწერებით. აქციის განმავლობაში ისმოდა შეძახილები: „დეპუტატებო, დაუბრუნდით სამსახურს!“, „ფედოროვი – თავდაცვის მინისტრი!“ და „სირსკი, გადადექი!“.
გუშინდელი აქცია გვიან საღამომდე გაგრძელდა, ხოლო დღეს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ კიევის ცენტრში, ივან ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს.
თავდაცვის უწყებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხაილ ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ალექსანდრ სირსკის, თანამშრომლობაში სერიოზული უთანხმოებები ჰქონდათ. მისივე თქმით, კვლავ მოუგვარებელი რჩება ბრძოლის ველზე არსებული გამოწვევები, ბრიგადების დაკომპლექტებისა და მობილიზაციის საკითხები.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენ ხმარას კანდიდატურას წარუდგენს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხმარა უკვე ასრულებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას.