ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ადმინისტრაციას ახალი სავიზო რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. პეკინის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები დისკრიმინაციულია და არც ერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პეკინი კატეგორიულად არ ეთანხმება ვაშინგტონის ახალ სავიზო პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.
ახალი რეგულაციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტებისთვის, კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის შემოიღო.
ცვლილებების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების მაქსიმალური ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. ჟურნალისტებისთვის გაცემული ვიზები, რომლებიც აქამდე შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილიყო მოქმედი, მომავალში მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამ კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადა 90 დღით შემოიფარგლება.