რუსეთის ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, შემთხვევა 18 ივლისის ღამით, ქალაქ კოტოვსკში მოხდა.
„18 ივლისის ღამეს უკრაინის ნეოფაშისტურმა რეჟიმმა კოტოვსკში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. მტრის დრონების მიერ Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ღამის ცვლის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა“, – დაწერა პერვიშოვმა სოციალურ ქსელში.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, Wildberries-ის პრესსამსახურის ცნობით, დარტყმა კომპანიის კიდევ ერთ ობიექტზეც განხორციელდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ამ შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.