საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე“ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა უკვე კონკრეტულ და ხელშესახებ ინიციატივებად გარდაიქმნება.

„ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის ითანამშრომლოს მთავრობებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ახალი ფართომასშტაბიანი მონაცემთა ცენტრები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ციფრულ კავშირსა და მედეგობას.

მისივე განცხადებით, საქართველო ისტორიულად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა და დღეს ციფრული კარიბჭის ფუნქციასაც იძენს.

„შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.