„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ვიზიტს ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მსგავსი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმიზმი, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი სურვილია, მთლიანად გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.