ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ დედაქალაქში პრობლემები არ იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით თბილისის მერიის ცხელი ხაზი ამ დრომდე მუშაობს და ყველა შემოსულ ზარზე შესაბამისი რეაგირება ხდება.
„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ იმიტომ, რომ დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები, იყო გარკვეული მიმართვიანობა სხვადასხვა რაიონებში. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში არის კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, ხოლო ქუჩებისა და გამზირების უმეტესობაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ამორტიზებული და მოძველებულია.
„შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები. შესაბამისად, ეტაპობრივად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაზე, გურამიშვილის გამზირზე, მარჯვენა სანაპიროსა და ერისთავის ქუჩაზე შექმნა, თუმცა, მისი თქმით, პრობლემები ძალიან მალე მოწესრიგდა.