შუამავლებმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინეს. ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წინადადება ორივე მხარეს კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და სხვა რეგიონულმა შუამავლებმა წარუდგინეს.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინიციატივას განიხილავს და ისრაელს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც დიპლომატიური პროცესის გაგრძელებას ხელს შეუშლის.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების შესაძლო ჩავარდნისთვისაც ემზადება. ბოლო დღეებში აშშ-ის სამხედრო ძალებმა რეგიონში ათობით გამანადგურებელი და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი გაგზავნეს, რითაც, გამოცემის შეფასებით, შესაძლო ესკალაციისთვის საჭირო სამხედრო რესურსი გააძლიერეს.
ისრაელელი წყაროების ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და უახლოეს დღეებში ომის შესაძლო გაფართოებისთვის, მათ შორის სრულმასშტაბიანი, კოორდინირებული სამხედრო კამპანიისთვის ემზადებიან.
როგორც Axios-ი წერს, „ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, ხელახლა გახსნის ორმუზის სრუტის ორივე საზღვაო მარშრუტს და ვაშინგტონსა და თეირანს მისცემს შესაძლებლობას, გადაარჩინონ მათი ჩამოშლილი ურთიერთგაგების მემორანდუმი“.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საპასუხო ზომებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„პრეზიდენტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ირანმა ფასი გადაიხადოს მემორანდუმის დარღვევისა და ჰორმუზის სრუტეში ტერორისტული აქტების გამო. გარდა ამისა, პრეზიდენტი ირანს აიძულებს გადაიხადოს ფასი ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ეს დამანგრეველი დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს“, – განუცხადა ოფიციალურმა პირმა Axios-ს.