ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთს საზღვაო ბლოკადას დაუწესებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლოკადის გამოცხადების შემდეგ იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ „ჰუსიტებს“ ძალის გამოყენებით უპასუხებს. ამასთან, კოალიციამ ბაბ ელ-მანდების სრუტეში მოძრავი გემების დაცვის ზომების მიღებაც დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მარშრუტი საუდის არაბეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო გზაა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაიხურა.
„ჰუსიტებმა“ აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც თეირანი და ვაშინგტონი თავდასხმების ციკლის შესაჩერებლად დიპლომატიური პროცესის განახლებას გეგმავენ. Reuters-ის ცნობით, სწორედ ამ თავდასხმებმა თითქმის ჩაშალა გასულ თვეში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუამავლებმა თეირანს შესაბამისი წინადადებები წარუდგინეს, თუმცა უწყებაში მათი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.