ნიუ-იორკს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების უფლებამოსილება არ აქვს, – ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.

„ჩემმა ადმინისტრაციამ ყველა შესაძლებლობა შეისწავლა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ნიუ-იორკს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აქ ჩამოვა. ცხადია, რომ ჩვენ ამ ორდერის აღსრულებისთვის დამოუკიდებელი სამართლებრივი უფლებამოსილება არ გვაქვს“, – განაცხადა მამდანიმ.

მისივე თქმით, ნიუ-იორკის ხელისუფლებამ საკითხი სამართლებრივად შეისწავლა და დაადგინა, რომ ქალაქს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნია.

ამასთან, ზოჰრან მამდანიმ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ომის დამნაშავე“ უწოდა და აშშ-ში ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავებისკენ ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკავების ორდერი გამოსცა.