აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, დღეს გამოაცხადოს, რომ საუდის არაბეთთან ფართო ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმებამ შესაძლოა საუდის არაბეთს საკუთარი ბირთვული რეაქტორებისთვის საწვავის გამდიდრების საშუალება მისცეს.

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეთანხმება სამშაბათს საღამოს დაამტკიცა და მისი ოფიციალური ხელმოწერა დღეს იგეგმება.

შეთანხმების მიზანია შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ შეთანხმება აშშ-ის ბირთვულ ინდუსტრიას მილიარდობით დოლარის შემოსავალს მოუტანს.

შეთანხმება ასევე მოიცავს ორ საიდუმლო წერილს, რომლებიც საუდის არაბეთთან გაფორმდა.

დოკუმენტი საჭიროებს აშშ-ის კონგრესის მიერ განხილვას. „ატომური ენერგიის შესახებ აქტის“ თანახმად, კონგრესს აქვს უფლებამოსილება, მხარი არ დაუჭიროს შეთანხმებას, თუმცა მისი დაბლოკვისთვის საჭიროა ისეთი უმრავლესობის შეკრება, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს.

ტრამპის ადმინისტრაციასა და საუდის არაბეთს შორის მიღწეული შეთანხმების ტიპს „შეთანხმება 123“ ეწოდება. მსგავსი შეთანხმებები მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის უზრუნველყოფას. შეერთებულ შტატებს 26 მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული 51 მთავრობასთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA).

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელმა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული გეგმის მიმართ შეშფოთება გამოთქვეს, რადგან არსებობს შიში, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს.

ცნობისთვის, მსგავსი შეთანხმება წლების განმავლობაში განიხილებოდა საუდის არაბეთსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის და ის ასევე ითვალისწინებდა საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელის დიპლომატიურ აღიარებას. თუმცა, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის მიმდინარე წინადადება ისრაელის აღიარებას არ მოიცავს.