“ მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა,”  – ინფორმაციას CNN-ი  ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა.

 რუბიოსა და ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 37 წუთს გაგრძელდა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს.  “ სერგეი ლავროვმა მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად რუსეთის მზადყოფნა დაადასტურა, “  – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მათივე  ცნობით,   სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო  მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებზე აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების ერთგულია. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა რუბიოს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  ლავროვმა და რუბიომ რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების მუშაობის პირობების ნორმალიზების საკითხიც განიხილეს.  ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ საერთაშორისო საკითხებზეც ისაუბრეს.  „განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.