რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის განცხადებით, დრონის დარტყმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა.
„დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში Wildberries-ის საწყობში ხანძარი გამოიწვია. სამი ადამიანი დაშავდა“, – წერს ალექსანდრე დროზდენკო სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმების შედეგად „სევერნაიას“ მეფრინველეობის ფერმაში ერთ-ერთი საწყობი ჩამოინგრა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ალექსანდრე დროზდენკოს თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლენინგრადის ოლქში უკრაინის სულ მცირე 59 დრონი ჩამოაგდეს.