საფრანგეთმა ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურების შემდეგ, საფრანგეთს დახმარებას ხორვატია, პორტუგალია, ჩეხეთი და სლოვაკეთი გაუწევენ.

„ქვეყანაში, განსაკუთრებით ჟირონდაში, მძვინვარე ხანძრების ფონზე ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. ჩემი ფიქრები ჩვენს მეხანძრეებსა და სამაშველო ძალებთანაა, რომლებიც ხანძრის ფრონტზე იბრძვიან. მათი გამბედაობა პატივისცემას იმსახურებს. საფრანგეთმა მოითხოვა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება. მალე შეგვეძლება, იმედი გვქონდეს ორი ხორვატული Canadair-ის თვითმფრინავის, ორი პორტუგალიური Air Tractor-ის თვითმფრინავის, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან ორი მძიმე Black Hawk-ის ვერტმფრენის. ეს კონკრეტული, სწრაფი და ოპერატიული სოლიდარობა ძვირფასი ძალაა ამ განსაცდელში. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მათი სოლიდარობისთვის“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, საფრანგეთში ტყის ხანძრებს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. სტიქიის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.