რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორი“) სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეზღუდვები 27 ივლისიდან ამოქმედდება და იმ სომხურ საწარმოებს შეეხება, რომლებსაც რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის ნებართვა ჰქონდათ.

„როსსელხოზნადზორის“ პრესრელიზის თანახმად, უწყების სპეციალისტებმა 14-21 ივლისს სომხეთის რძის გადამამუშავებელი საწარმოები შეამოწმეს, რომლებიც რუსეთში პროდუქციას აწვდიან, და არაერთი დარღვევა გამოავლინეს.

უწყების მტკიცებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროდუქციის წარმოებისას გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მაღალცხიმიანი რძის პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული იყო მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული ნედლეული და არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი სახელმწიფოებიდან მიღებული ნედლეული.

„გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, „როსსელხოზნადზორმა“ მიიღო ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება და ქვეყნის ბაზარზე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო რძის პროდუქტების რეალიზაცია“, – აღნიშნულია უწყების პრესრელიზში.