ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტმა, რუსმა არკადი დვორკოვიჩმა, ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის სანქციების უახლეს, 21-ე პაკეტში მოხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დვორკოვიჩმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონო და უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ სანქციებს ყველა შესაძლო სამართლებრივი და სხვა საშუალებით გაასაჩივრებს.
„თუმცა, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და/ან ამ გადაწყვეტილების გაუქმებამდე ან შეცვლამდე აღნიშნულმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს FIDE-ის სტაბილურ ფუნქციონირებას, მივიღე გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ, ნებაყოფლობით შევაჩერო ჩემი, როგორც FIDE-ს პრეზიდენტის, უფლებამოსილებები და მოვალეობები“, – ნათქვამია დვორკოვიჩის განცხადებაში.
მისი თქმით, FIDE-ს დროებითი პრეზიდენტის მოვალეობებს ინდოელი მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი შეასრულებს.
არკადი დვორკოვიჩი, რომელიც რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერია, FIDE-ს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. გასულ თვეში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრიდა კენჭს.
FIDE-ს საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, სექტემბერში, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში დაგეგმილი ჭადრაკის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება.