აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, საქონელზე ახალი ტარიფები დააწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვაშინგტონის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის აკრძალვის მოთხოვნები სათანადოდ არ სრულდება.
ახალი ტარიფები ამოქმედდა იმ პერიოდში, როდესაც დროებით მოქმედ 10%-იან გლობალურ ტარიფს ვადა ამოეწურა.
„შეერთებულ შტატებში იძულებით შრომასთან დაკავშირებული იმპორტის აკრძალვა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მოქმედებს და მკაცრად არის დაცული. დიდი ხანია დადგა დრო, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსაც იგივე გაეკეთებინათ. დღევანდელი გადაწყვეტილება საფუძველს ჩაუყრის როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ისე ვაჭრობის დამამახინჯებელი პრაქტიკის გამოსწორებას, რაც მთელ მსოფლიოში დასაქმებულთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.
ახალი ტარიფები აშშ-ის მთლიანი იმპორტის 99.4%-ს მოიცავს, თუმცა ისინი არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ნავთობი, გაზი, სასუქი და გარკვეული საკვები პროდუქტები.
ტარიფების დაწესება წინასწარ იყო მოსალოდნელი, თუმცა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფი პარასკევს, 150-დღიანი მოქმედების შემდეგ დასრულდა. იმავე პერიოდში ძალაში შევიდა ახალი ტარიფები.
აშშ-მა 10%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესა არგენტინიდან, ბანგლადეშიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კამბოჯიდან, კანადიდან, ეკვადორიდან, ელ-სალვადორიდან, გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, იორდანიიდან, მალაიზიიდან, მექსიკიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან და ტრინიდად და ტობაგოდან იმპორტირებულ საქონელზე.
ევროკავშირს, ტაივანს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და შვეიცარიას დაეკისრათ განაკვეთები, რომლებიც მოქმედ ტარიფებთან ერთად ჯამში 10%-ს ან 12.5%-ს შეადგენს. დანარჩენი 38 ქვეყნისთვის კი 12.5%-იანი ტარიფი დაწესდა.