ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პროდუქციაზე ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების მიზეზებთან დაკავშირებით ბრიუსელი ვაშინგტონისგან განმარტებებს მოითხოვს.   მისივე თქმით, ევროკავშირისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზი იყო.   კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არგუმენტი, თითქოს ევროკავშირი იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმარის ზომებს არ იღებს, საფუძველს მოკლებულია.  „მაპატიეთ, მაგრამ ამას ევროკავშირზე ვერ იტყვით“, –  განაცხადა  კაია კალასმა „როიტერთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, ევროკავშირის შრომითი კანონმდებლობა ბევრად უკეთესად იცავს დასაქმებულთა უფლებებს, ვიდრე ამერიკული.   „ევროკავშირის შრომით კანონმდებლობას აშშ-ისას თუ შევადარებთ, ჩვენ გვაქვს ანაზღაურებადი შვებულება და თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი შრომითი პირობები. ამიტომ ეს ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა კალასმა.   ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელმა სრულად შეასრულა 2025 წელს მიღწეული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.  „ჩვენ გვქონდა შეთანხმება ამერიკასთან და ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ. მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა. ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, – განაცხადა კალასმა.   ცნბისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის, ჩინეთისა და კიდევ 58 სავაჭრო პარტნიორის პროდუქციაზე 10 და 12.5%-იანი ახალი საბაჟო ტარიფები აამოქმედა.   სააგენტო „როიტერის“  ცნობით, მიღებულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულებით ხსნის.  აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია ზუსტად იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ძალას კარგავდა მანამდე არსებული დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფი.  შეგახსენებთ, , მიმდინარე წლის  თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ტრამპის მიერ შარშან „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, რომლებიც აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ისახავდა მიზნად. ახალი შეზღუდვები აშშ-ის იმპორტის 99.4%-ს მოიცავს, თუმცა ტარიფებისგან თავისუფალია არაერთი პროდუქტი, მათ შორის: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სასუქები და გარკვეული სახის საკვები პროდუქტები.