ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაო“ დაასანქცირა. აღნიშნული კომპანია საქართველოში „თელასისა“ და „ხრამჰესი 1/2“-ის არაპირდაპირი მფლობელია.
ევროკავშირის განმარტებით, „ინტერ რაო“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა. მისი შემოსავალი 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 19 მილიონს აღწევს. კომპანიას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს.
კომპანიის აქციონერთა შორის არიან სახელმწიფო კომპანიები „როსსეტი“ და „როსნეფტეგაზი“, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი დივიდენდების გადამხდელები არიან.
ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოში შედიან უკვე დასანქცირებული პირები, მათ შორის „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე იგორ სეჩინი, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი.
სანქციების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი როლისა და სახელმწიფო კონტროლის გამო, „ინტერ რაო“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ეკონომიკაში, ხოლო მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები გადასახადებისა და დივიდენდების სახით რუსეთის ბიუჯეტში მიედინება.
„შესაბამისად, „ინტერ რაო“ ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, – აღნიშნულია ევროკავშირის გადაწყვეტილების განმარტებაში.