ირანისა და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა თეირანში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ისმაილ ბაღაეი ავრცელებს.
მისი განცხადებით, შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საერთო პრინციპები და საოპერაციო მექანიზმები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფას ეხება, ორივე სანაპირო ქვეყნის სუვერენული უფლებების პატივისცემის საფუძველზე.
ბაღაეის თქმით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა და მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ამასთან, მისი განმარტებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის მოქმედ სტატუსში ცვლილება არ დაფიქსირებულა.
ირანის საგარეო უწყების სპიკერის ინფორმაციით, ომანის დელეგაციამ თეირანი უკვე დატოვა, თუმცა ტექნიკური და პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის კვლავ გრძელდება.