უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 700 დრონი, 1 630-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ჯარებს ჰქონდეთ ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. უნდა ჩავუშალოთ რუსეთს ბალისტიკურ ტერორზე აგებული გათვლა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიბალისტიკური რაკეტების პაკეტები დროულად მოვიდეს. თითოეული რაკეტა სიცოცხლეს იხსნის, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია განთავსებული და არა პარტნიორების საწყობებში“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რვა რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 136 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მათი უმეტესობა გაანადგურეს, თუმცა ყველა სამიზნის განეიტრალება ვერ შეძლეს.

ზელენსკის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ჩერნიგოვის ოლქებზე, ასევე კიევზე. მისი თქმით, დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.