რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-მა ჩამოაგდო მორიგი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

მისი განმარტებით, გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასულ კვირას ჩამოგდებული დრონი „შაჰედის“ ტიპის იყო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რაც შეეხება დღეს და გასულ ღამეს ჩამოგდებულ უპილოტო საფრენ აპარატებს, მათი წარმომავლობის დასადგენად გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

„რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ გამოძიებების შედეგებს დაეფუძნება“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ნიკუშორ დანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია, რადგან ის, ამავდროულად, ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს.