ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა. მისი განცხადებით, პრაიდის ღონისძიება „თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის – ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების“ სიმბოლოა.

„ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, იცხოვროს, უყვარდეს და საკუთარი უფლებებისთვის შიშის გარეშე იბრძოლოს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა მომხდარს „თავისუფალ და ტოლერანტულ საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმა“ უწოდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობის სახელით ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო გერმანიას გულწრფელ თანადგომას უცხადებს.

„იტალია გმობს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება სიძულვილისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ ფორმას და ყველა დონეზე მუშაობს ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გერმანიისა და გერმანელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს მელონი.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბერლინის პოლიცია 21 წლის ეჭვმიტანილს ეძებს, რომლის ვინაობაც ცნობილია. სამართალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ის შესაძლოა შეიარაღებული იყოს.