“ ირანი შეაჩერებს თავდასხმებს მანამ, სანამ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს,” – ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა REUTERS- -ს განუცხადა. მისი თქმით, თეირანის პოზიცია უცვლელი რჩება : „თავდასხმა თავდასხმისთვის“. „თუ თავდასხმები შეწყდება, ირანიც შეაჩერებს თავის ოპერაციებს. ეს გზავნილი უკვე გადაეცა შეერთებულ შტატებს“, – აღნიშნა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. აშშ-ის ელჩმა გაეროში, მაიკლ უოლცმა, გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო იერიშების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რათა დიპლომატიურ ძალისხმევას მეტი დრო და შესაძლებლობა მისცეს. „ის მოლაპარაკებებს გარკვეულ სივრცეს აძლევს,“ – განაცხადა უოლცმა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ირანის წინააღმდეგ 13 ღამის განმავლობაში მიმდინარე საჰაერო იერიშების შემდეგ, პარასკევს გვიან ღამით პენტაგონმა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა. შაბათსა და კვირას აშშ-ის მხრიდან ახალი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირანსაც, რომელიც აშშ-ის იერიშებს მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმებით პასუხობდა, ორი დღეა ცეცხლი არ გაუხსნია.