“ ივანიშვილი პერიოდულად გამოიყვანს ხოლმე პატარა ბიჭებს და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს რუსეთის დავალება იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება,”   – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი,  ირაკლი კუპრაძე   პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.  კუპრაძის თქმით,  შალვა პაპუაშვილი   არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება.   

“ ფაქტია, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს, როგორც ჩანს, ევროკავშირში თანასწორი წევრების მიღებას არც გეგმავენ,”  – ამის შესახებ   კი  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. ნინო წილოსანის თქმით, ეს ყველაფერი კარგად ხსნის, რატომ შეაჩერეს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი. „ფაქტია, რომ ევროკავშირი არც გეგმავდა და, ყოველ შემთხვევაში, ახლა ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს. ალბათ, ეს ყველაფერი კარგად ხსნის, რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატომ გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს ევრობიუროკრატების მხრიდან ერთით მეტი დამატებითი მოტივაციაა, რომ საქართველო ასეთ მოცემულობაში ჰყავდეთ. როგორც ჩანს, ევროკავშირში თანასწორი წევრების მიღებას არც გეგმავენ. როგორც ჩანს, აპირებენ, ქვეყნები მონური პრინციპით მიიღონ – იყოს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები. როცა ამაზეა საუბარი, ალბათ, ყველა კითხვას ნათელი პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის,    შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა. წერილში ასევე ვკითხულობთ: „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი –  გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება,“ – წერს  შალვა  პაპუაშვილი.