„ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ ის, რაც ხდება კიდევაც. ჩვენი განსხვავება სხვა ხელისუფლებისგან ისაა, რომ იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად შეიძლება დავზარალდეთ, არც ერთ სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს არ დავაფარებთ!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, როდესაც ყოფილი პოლიტიკოსები დანაშაულს არ აღიარებენ, ბრალის წაყენებას, როგორც წესი, პოლიტიკური დევნით ხსნიან.

„როცა ახლობლები ამაზე [ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ დევნაზე] საუბრობენ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაბრაზდე. მეუღლე, ძმა, მშობელი, შინაური თავისიანს ბოლომდე რომ დაუდგება, გასაკვირი არ არის. ასეთ დროს არც არავისზე ვბრაზდები ხოლმე. როდესაც დანაშაულს არ აღიარებენ, შემდეგ ეს რამენაირად უნდა გაამართლო. ყოფილი პოლიტიკოსები ამას, როგორც წესი, იმით ამართლებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სხვა სამართლებელი არ აქვთ ხოლმე. ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. ამ ნაწილში სიახლე ჩემთვის არაფერია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული და მხარეებს სასამართლო სხდომის ფარგლებში საკუთარი პოზიციების დაცვისა და დავის შესაძლებლობა აქვთ.

24 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.

პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით 750 000 ლარი აიღო. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 13:00 საათზე იმსჯელებს.