დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლანდიის მოსახლეობა რეფერენდუმში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან, თბილისის დროით 13:00 საათიდან შეძლებს.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება.

მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ შესაძლოა ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხე შეუქმნას.

Gallup-ის მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51.6% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 48.4% საკითხის მხარდაჭერას აფიქსირებს.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.