ნეპალში ოთხშაბათს მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 734-მდე გაიზარდა. 2 400-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიამ მძიმე ვითარება შექმნა მეზობელ ტიბეტშიც. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რეგიონში დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო 546 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო ზონაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოებისთვის უსაფრთხოების ძალების თითქმის 20 000 წარმომადგენელია მობილიზებული. გაეროს შეფასებით, ოპერაციას მნიშვნელოვნად ართულებს რთული რელიეფი და უწყვეტი წვიმა, რაც დაზარალებულ რაიონებში დახმარების მიწოდებას აფერხებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები ამჟამად მეწყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბარიერული ტბის მდგომარეობას აფასებენ.

ამასთან, საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია კიდევ ერთი ბარიერული ტბიდან შესაძლო წყალდიდობის საფრთხემ, რის გამოც რეგიონში პანიკური განწყობაც შეიქმნა.