რუსეთის სტავროპოლის მხარეში, სოფელ ინოზემცევოსთან, საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილ „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი არასრულწლოვანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.

რუსეთის სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის ინფორმაციით, Setra-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა მოძრაობისას უსაფრთხო სიჩქარე ვერ შეარჩია და წინ მიმავალ „კამაზთან“ დისტანცია ვერ დაიცვა. შეჯახების შედეგად ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.