თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – „მარიხუანა“ და „მეთადონი“.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვებით დგინდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ 29 აგვისტოს დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა დაურ ბუავას მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნივთიერება ქალმა დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, რის შემდეგაც ბლოგერი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მარტო დატოვა და მის დასახმარებლად შესაბამის სამსახურებს ან სხვა პირებს არ მიმართა.

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.