უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე თავდასხმისას 16 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, უკრაინის წინააღმდეგ კი 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მისი თქმით, პარტნიორებს ქვეყანა ბალისტიკური იერიშის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.
„ღამის განმავლობაში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით რამდენიმე ტალღად განახორციელა იერიში; ჩვენი პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება ამჯერადაც არ ყოფილა”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროს სადგური და საცხოვრებელი სახლები. გამოყენებულ დრონებს შორის იყო რეაქტიული ძრავების მქონე „შაჰედებიც“. თავდასხმებს დაღუპულები მოჰყვა.
ზელენსკის ცნობით, დარტყმებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონი მოიცვა – ხარკოვისა და დნიპროს ოლქებიდან ვოლინის, რივნესა და ოდესის ოლქებამდე.
„ღამით და დღეს დილით რუსეთმა იერიში მიიტანა ენერგეტიკულ ობიექტებზე ვინიცის, ვოლინის, კიროვოგრადის, კიევის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ტერნოპოლის, ოდესისა და რივნეს ოლქებში. მხოლოდ ამ ერთ ღამეში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10-ზე მეტი ობიექტი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სულ მცირე, 550 000 ოჯახი. ადგილებზე სარემონტო ბრიგადები მუშაობენ”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას დადებითად გამოეხმაურა, თუმცა რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს. მისი შეფასებით, მოსკოვს არც ომის დასრულება სურს და არც დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა.
„როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება ბლოკირებულია, ხოლო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას სთავაზობენ – ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მოუწოდა, დაეხმარონ ქვეყანას სიცოცხლის დაცვაში და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.