აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა, გააუქმა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპის თქმით, ამერიკულ დელეგაციას არ უღირს 18-საათიანი ფრენა მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, აშშ უკვე ფლობს „ყველა კარტს“ ირანთან მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობაში. მისივე განცხადებით, ირანულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია თავად დაუკავშირდეს ვაშინგტონს.
“ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ ვუთხარი, ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ და მე ვუთხარი: “არა, 18-საათიან ფრენას არ აპირებთ იქ ჩასასვლელად.” ყველა კარტი გვაქვს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ, მაგრამ 18 საათი არ იფრენთ იმისთვის, რომ ისხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ,”- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ვიზიტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ტრამპის წარმომადგენლებს, მათ შორის სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს.
არსებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უკვე დატოვა პაკისტანი მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა.