აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით იღებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ არ სურს მოსკოვმა მოლაპარაკებები შეწყვიტოს.

ტრამპის თქმით, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის მძევლებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც. ის ასევე მიუთითებს დოკუმენტზე, რომლის ხელმოწერას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა მოცემულ განცხადებაში დოკუმენტს არ აკონკრეტებს.

„ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს; მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ!“ – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის პოზიციას ირანთან მიმართებით რუსეთის მოქმედებებითაც ხსნის.

„რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: რუსეთი ძალიან ცოტას (თუ საერთოდ რამეს) აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად – იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო. მსურს, ვითარება ასეც დარჩეს და ასეც იქნება, თუკი გზაზე სულელი ადამიანები არ გადამეღობებიან“, – წერს ის.

პოსტში ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც აკრიტიკებს. მისი მტკიცებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმები დიზელის მსოფლიო ბაზარს, მათ შორის აშშ-ის ბაზარსაც, აზიანებს და ზარალს აყენებს ფერმერებსა და ბიზნესს.

„ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს; მან იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის – აშშ-ის ბაზარსაც“, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაშიც ადანაშაულებს.

„მას ამ ომის დასრულება არ სურს და, ალბათ, არც არასდროს სურდა. ორი წლის წინ მას შეეძლო, ბევრად უკეთესი შეთანხმებისთვის მიეღწია, ვიდრე ახლა შეუძლია“, – წერს ტრამპი.