„ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც პროდუქტებზე საბოლოო ფასს ზრდის“, – ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომიისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

კომისიის მუშაობის შეჯამებისას ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ FMCG სექტორის კვლევისას გამოიკვეთა სტრუქტურული პრობლემები, სადაც მთავარი გამოწვევა არა ბიზნესის “გადაჭარბებული მოგება“, არამედ სისტემური ხარვეზებია.

კომისიის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ფაქტორებს, რომლებიც ბაზარზე ფასების ხელოვნურ ზრდასა და არაეფექტურობას იწვევს. მისი თქმით, კომერციული ლოგიკა ხშირად დარღვეულია.

“პირველი არის გამჭვირვალობის ნაკლებობა. კომერციული ურთიერთობები ხშირად გაუგებარია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში არც კი ექვემდებარება სტანდარტულ კომერციულ ლოგიკას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გადახდების დაგვიანება. ეს ქმნის დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ ზეწოლას მთელ ჯაჭვზე, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში. შედეგად, ამ სუბიექტებს სჭირდებათ მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი, რაც, თავის მხრივ, ძვირია და ზრდის საერთო ხარჯებს.

ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იკვეთება გადახდების სტანდარტიზაციის აუცილებლობა, რათა ჯაჭვში ჩართულმა ყველა მხარემ ზუსტად იცოდეს გადახდების წესები, ვადები და პროცედურები. ამ პროცესის რეგულირება და ერთიანი ჩარჩოს შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ასევე ნაშთების მართვა. გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებლებს არ აქვთ სათანადო წვდომა თავიანთი პროდუქციის ნაშთების ბრუნვაზე, რაც აფერხებს ბიზნეს პროცესების ეფექტიან დაგეგმვას”, – თქვა ბერეკაშვილმა.