აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ შეერთებულ შტატებს ირანთან დაპირისპირებაში უპირატესობა აქვს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ტრამპის თქმით, თეირანი ისეთ შეთანხმებაზე არ თანხმდება, რომელიც ვაშინგტონისთვის მისაღები იქნებოდა. „ჩვენ უბრალოდ ვიმარჯვებთ. ეს ჩხუბი რომ ყოფილიყო, უკვე შეჩერდებოდნენ. გესმით ეს გამოთქმა? სიმართლეა. ისინი ისეთ გარიგებაზე არ მიდიან, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ნაადრევად წასვლას, რომ სამი წლის შემდეგ კვლავ ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ“, — განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულება ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება. ტრამპმა შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა რეკორდულ მაჩვენებელზეა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება ასევე ნიშნავს „სამყაროს ირანის ბირთვული იარაღის გარეშე“.